ღვინის სერვირება

gvinoღვინოს ქართულ კულტურაში უდიდესი ადგილი უკავია. იშვიათია ქვეყნები, რომლებიც ისეთ პატივს სცემდეს ვაზსა და ღვინოს, როგორც საქართველოში. აბა სხვა რომელი ქვეყნის ფოლკლორში შეხვდებით სიტყვებს: “ჯოჯოხეთში ყოველ დილით ღვინის სმას რომ მაცლიდნენ, მე სამოთხეს ჯოჯოზეთზე უყოყმანოდ გავცვლიდი”. თუმცა, სანამ ჩვენი იმქვეყნიური სამყოფლის განხილვას დავიწყებდეთ, კარგი იქნება ღვინოსთან მოქცევის ხელოვნებაზე ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ღვინის სმა ერთი სიამოვნებაა, თუმცა ღვინოსთან სწორი ურთიერთობა სიამოვნებას არამხოლოდ თქვენ, არამედ გარშემომყოფთაც მიანიჭებს. ამ სტატიაში, იმ მარტივ უნარ-ჩვევებზე ვისაუბრებთ, რომლებიც სასურველია ყველა მამაკაცს გააჩნდეს.
ღვინის სწორად ჩამოსხმა და დაგემოვნება ერთგვარი რიტუალია. როგორც ყველა, ამ რიტუალსაც გააჩნია წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. როგორ უნდა გავხსნა ბოთლი? რამდენად ცივი უნდა იყოს ღვინო? რომელი ღვინო იქნება საუკეთესო? რა დონემდე უნდა შევავსო ჭიქა? თავდაპირველად სწორედ ეს კითხვები ჩნდება, როცა საქმე ღვინით გამასპინძლებას ეხება. ნუ დაიბნევით, დამშვიდდით, ღვინო სიამოვნების მიღების საუკეთესო საშუალებაა და არა სტრესის. სანამ ღვინის ჩამოსხმას შეუდგებოდეთ, სასურველია ეს რჩევები გაითვალისწინოთ.

ღვინის ბოთლის გახსნისას განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს – კორპი ბოთლში გაიჭედოს ან ჩავარდეს. თუმცა არც ესაა დიდი ტრაგედია. გაგაცნობთ ბოთლიდან საცობის ამოძრობის განსხვავებულ ხერხებს:

კორპსაძრობი

კორპსაძრობის რამდენიმე სახეობა არსებობს. ნებისმიერი მათგანი გამოსადექი და მოსახერხებელია, თუკი მათი სწორად გამოყენება იცით.
korpsazrobi
ფრთიანი კორპსაძრობი თავისი საინტერესო დიზაინით პატარა კაცს მოგვაგონებს. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იაფია, ეფექტური, უსაფრთხო და ადვილად გამოსაყენებელი, ამიტომაც მას ბევრ რესტორანში იყენებენ. იგი უშუალოდ ერგება ბოთლის თავს, საშუალებას გაძლევთ საცობი შუაგულში გახვრიტოთ და მცირედი ძალის გამოყენებით პრობლემების გარეშე ამოიღოთ ბოთლიდან.
ხრახნიანი, იგივე ბრუნვადი კორპსაძრობი ისეთივე გამძლე და უსაფრთხოა, როგორც ფრთაინი. თუმცა მას სხვა პლიუსებიც გააჩნია. უფრო პატარაა და სხვადასხვა დანიშნულებითაც შეიძლება გამოყენება. ფრთიანი კორპსაძრობის მსგავსად, იგიც ადვილად ერგება ბოთლის ზედაპირს, თუმცა ამჯერად ძალის დატანებით ამოღება არ დაგჭირდებათ, რადგან ხრახნის ტრიალის შემდეგ, საცობი თავისით წამოიწევა ზევით. ამ ტიპის კორპსაძრობის გამოყენება დაზიანებულ საცობების ამოსაღებადაც შეიძლება. სწორედ მისი მრავალმხრივობის გამო, იგი შედარებით ძვირი ღირს.
მსახურთუხუცესის მეგობარი, იგივე “Ah So” კორპსაძრობის პირველად დანახვაზე, შესაძლოა ვერ მიხვდეთ რა კავშირშია იგი კორპის ამოღებასთან. თავდაპირველად ამ უცნაური სახელის ეტიმოლოგიას გავეცნოთ. ინგლისურ ენაში იგი შევიდა გერმანული ნათქვამიდან “Ach So” ანუ ქართულად რომ ვთარგმნოთ: “აჰა, გასაგებია”. თუკი მანამდე არ გინახავთ თუ როგორ ხსნიან ამ არატრადიცული გასახსნელით ღვინის ბოთლს, ხოლო პირველი დემონსტრაციის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კორპსაძრობია, სწორედ ეს სიტყვები წამოგცდებათ: “აჰა, ხო, ახლა გასაგებია”. რაც შეეხება მის მეორე სახელს “მსახურთუხუცესის მეგობარი”, ამ სახელსაც საინტერესო ისტორია აქვს. გაიძვერა მსახურთუხუცესები, რომელთაც სურდათ ბატონისთვის ღვინის მოპარვა, სწორედ ასეთ გასახსნელს იყენებდნენ, რადგან “Ah So” საცობს დაუზიანებლად აშორებს ბოთლს და ბოთლში ხელახლა გაკეთების შემთხვევაში კორპი ახალივით გამოიყურება. “Ah So” გასახსნელს ორი კბილი აქვს: გრძელი და მოკლე. თავდაპირველად გრძელი კბილი ნელა და ძალდაუტანებლად უნდა ჩაასოთ კორპსა და ბოთლს შუა იმ დონემდე, სანამ პატარა კბილი ბოთლის თავს არ გაუტოლდება (შესაძლოა ოდნავ ქვევითაც ჩამოსცდეს). შემდეგ პატარა კბილიც ანალოგიურად, ფრთხილად მოათავსეთ კორპსა და ბოთლს შორის და ტალღისებული მოძრაობით ბოლომდე ჩაიყვანეთ კბილები. რა თქმა უნდა, ზედმეტი ძალდატანების გარეშე. საათის ისრის მიმართულებით დაატრიალეთ კორპსაძრობის სახელური და იმავდროულად ამოქაჩეთ ზემოთ. თუკი კორპის ხელახლა გამოყენებას გადაწყვეტთ, სასურველია საპირისპირო, მშრალი მხრიდან დააცოთ ბოთლს. ღვინის ასეთნაირად გახსნა სულაც არაა მარტივი და შესაძლოა ცოტაოდენი ვარჯიში დაგჭირდეთ.


სომელიეს დანას ძირითადად პროფესიონალები იყენებენ. ერთი შეხედვით იგი ჯიბის დანას ჰგავს თავისი ხრახნითა და ბერკეტით. ჩვენ ვახსენეთ სიტყვა პროფესიონალი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დამწყებებმაც გამოიყენონ ეს უნივერსალური გასახსნელი. იგი ადვილად სატარებელია და შეიძლება გამოვიყენოთ დაზიანებული საცობების ამოსაღებადაც (დაზიანებული საცობების ამოსაღებად ჩაარჭვეთ ხნახნი 45 გრადუსიანი კუთხით). აღსანიშნავია, რომ სომელიეს დანა არც ისე ადვილია მოსახმარად. მას მხოლოდ იმიტომ ნუ გამოიყენებთ, რომ უფრო პროფესიონალის იერს მოგანიჭებთ. სასურველია, ჯერ კარგად გაიწაფოთ მის ხმარებაში.

თუკი მაინცდამაინც ძალა გერჩით და საცობი ხელის მოკიდების საშუალებას იძლევა, არ დაუწყოთ ძებნა გამხსნელს. გაამშრალეთ კორპი, მყარად ჩასჭირდეთ ხელი, საათის ისრის მიმართულებით ატრიალეთ და ამოქაჩეთ.

რა ვქნა, თუკი საცობი ღვინოში ჩავარდა? ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა კორპი მყიფეა.korpis-amosagebi თუკი არ გაგიმართლათ, საცობი დაიშალა ნაწილებად და ღვინოში აღმოჩნდა, არც ესაა დიდი ტრაგედია. არსებობს ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც კორპის ბოთლიდან ამოღებას შეძლებთ. თუკი ეს ხელსაწყო არ გაგაჩნიათ, მაშინ კორპჩავარდნილი ბოთლიდან დასხმის დროს იხმარეთ ფილტრი. თუმცა კორპიანი ღვინის დალევა არანაირი პრობლემა არაა (ესთეტიკური თვალსაზრისის გარდა), არაფერს გავნებთ.

თუკი გასაჭირში აღმოჩნდით, ვერც კორპისთვის ხელის მოჭიდებას ახერხებთ და ახლომახლოს კორპსაძრობიც არ მოიპოვება, მაინც არსებობს გამოსავალი. მაგარძირიანი ფეხსაცმელი ხომ მაინც გაქვთ? ესე იგი, გახნილი ბოთლიც მალე გექნებათ.

როგორ გავხსნათ შამპანურის ბოთლი

სადღესასწაულო სუფრას შამპანური უხდება. შამპანური ერთ-ერთი ძვირადღირებული სასმელია და არაა სასიამოვნო, როცა ბოთლის არასწორად გახსნის გამო მისი შეგთავსი ფუჭდება. სტუმრებს, ანდაც სასურველ ქალბატონს, შამპანიურით წესისამებრ უნდა გაუმასპინძლდეთ:
კარგად გააციეთ შამპანიური მაცივარში და შემდეგ ნახევარი საათი ჩადგით ყინულებით, ცივი წყლითა და ცოტაოდენი მარილით სავსე ჭურჭელში. 30 წუთის შემდეგ ბოთლი ამოიღეთ და კარგად გაამშრალეთ, რათა ხელში მყარად დაკავება შეძლოთ. ბოთლის თავი მოარიდეთ მსხვრევად ნივთებსა და საყვარელ ადამიანებს (ყოველი შემთხვევისთვის). ცერა თითი საცობის თავს დააჭირეთ და მოხსენით ლითონის სამაგრი. შემდეგ ბოთლი 45 გრადუსიანი კუთხით დახარეთ, სხეულზე მყარად მიიდეთ და საცობს მოქაჩეთ. იმავდროულად ატრიალეთ ბოთლი, საცობი კი დაიჭირეთ და ამოქაჩეთ. მალე კორპი მოძრაობას დაიწყებს და ამოძვრება კიდეც.

ღვინო “სუნთქავს”

ზოგიერთი სახეობის ღვინო უფრო გემრიელია, როცა არა დახურულ, არამედ ღია ჭურჭელში ასხია. მას შემდეგ რაც ღვინო გარკვეული დროის განმავლობაში ბოთლშია შეინახება, დალევის წინ სჭირდება ჟანგბადით გამდიდრება, რაც შეარბილებს ტანინს და გაფანტავს ჭურჭლის არასასურველ სუნს. ამის საუკეთესო საშუალებაა ღვინის დოქში ჩამოსხმა. შესაძლებელია ჭიქებში დასხმაც, იმ პირობით, რომ ცდუნებას გაუძლებთ და დროზე ადრე არ მიეტანებით.
აღნიშნული პროცედურის ჩატარება ყველა ღვინოს არ ესაჭიროება. “სუნთქვის” საშუალება ძირითადად ტანინიან წითელ ღვინოებს უნდა მისცეთ. დოქში 1 საათით გაჩერება სრულებით საკმარისია.

ღვინო და ტემპერატურა

თეთრი ღვინო გაციება შეიძლება, წითელი კი სასურველია ოთახის ტემპერატურის იყოს. ტანინიანი წითელი ღვინო ნორმაზე ზევით გაციების შემთხვევაში ოდნავ მწარე გემოს იღებს, თუმცა მთლად თბილის დალევაც არაა სასურველი. წითელი ღვინო საუკეთესო გემოს იღებს 14-15 გრადუსზე, რისი მიღწევაც შეგიძლიათ მაცივარში 10-15 წუთით გაჩერებით. რაც შეეხება, თეთრ, ვარდისფერ, მშრალ თეთრსა და სადესერტო ღვინოებს 10-12 გრადუსი მათთვის იდეალურია. თუკი შამპანიურის დაგემოვნებას აპირებთ, 7 გრადუსი სავსებით მისაღებია.

gvinis-scorad-dasxma

ღვინის ჩამოსხმა

ალბათ არაა საჭირო იმის შეხსება, რომ პირველი ჭიქა სტუმარს უნდა შეუვსოთ. რესტორნებში ჩამოსხმის მთელი რიტუალი არსებობს. თავდაპირველად სომელიემ ან მიმტანმა ბოთლი უნდა განახოთ და გაგაცნოთ ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია. გახსნის შემდეგ ღვინო უნდა გაგასინჯოთ. თუკი ღვინო გაფუჭებული მოგეჩვენათ, მოითხოვეთ ახალი ბოთლიც და ჭიქაც.
რაც შეეხება სახლის პირობებს: კარგი იქნება თუკი სხვადასხვა ფორმისა და ზომის სპეციალურად ღვინის ჭიქებს მოიმარაგებთ. ფერადი და შეფერილი ჭიქები ლამაზია, თუმცა ღვინის ნამდვილ დამფასებელს ყოველთვის ურჩევნია სითხის ნამდვილ ფერს ხედავდეს. დასხმის და დალევის დროს ბოკალი აუცილებლად ქვედა ნაწილით ანუ სადგომი ფეხით უნდა დაიჭიროთ, რათა ღვინო არ გათბეს.
gvinis-done-chikashi
წითელი ღვინის ჩამოსასხლემად უნდა გამოიყენოთ ფართოპირიანი 450-680 გრამის ტევადობის ბოკალი. შეავსეთ მისი მხოლოდ ¼ ნაწილი, რათა სითხის შესანჯღრევად საკმარისი ადგილი დარჩეს.
თეთრი ღვინისთვის 280-350 გრამიანი ჭიქები იხმარეთ. ისინი ნახევრამდე უნდა გაავსოთ.
შუშხუნა და ცქრიალა ღვინო კი საუკეთესო არომატს იღებს მაღალყელიან ჭიქაში, რომელსაც ფლეიტას უწოდებენ. იგი 220-340 გრამის ოდენობის სითხეს იტევს. მისი წვრილი ყელი გაზის დიდხანს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჩამოსხმის დროს მისი მხოლოდ ¾ უნდა გავავსოთ.
ჭიქის ფორმასა და ზომას დეგუსტაციისა და უბრალოდ დაგემოვნების დროს რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამაზე აღარავინ დავობს. თუკი ღვინის დიდი მოყვარული ხართ, თითოეული სახეობის ღვინისთვის შესაფერისი ბოკლებს შეიძინეთ.

და ბოლოს, გახსნიდან რამდენი ხანი ინარჩუნებს ღვინო გემოს? დაახლოებით 3 დღე. გახსნის შემდეგ ხელახლა გაუკეთეთ საცობი და შედგით მაცივარში. თუმცა რა საჭიროა მაცივრამდე საქმის მიყვანა? უბრალოდ დალიეთ და ისიამოვნეთ. შეეშვით წრუპვას და ბოლომდე გაათავეთ დაწყებული საქმე. რაც უფრო მეტ დროს გააჩერებთ მაცივარში ღვინოს, მით უფრო დაჰკარგავს არომატსა და გემოს. 

VN:F [1.9.17_1161]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
ღვინის სერვირება, 10.0 out of 10 based on 1 rating