სუფთად გაპარსული წვერი, კანის გაღიზიანების და ჭრილობების გარეშე – ამაზე თითეული მამაკაცი ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ წვერს თითქმის ყოველ დღე ვიპარსავთ, ბევრი ვერ ახეხებს ამ შედეგის მიღწევას. დაფიქრდით ორ მარტივ მიზეზზე, რომლებიც ამგვარ შედეგს განაპირობებს: 1. უმეტესობისთვის არავის უსწავლებია წვერის პარსვა. მამაკაცების უმრავლესობა თვითნასწავლი დალაქია; 2. უმეტესობისთვის წვერის პარსვა მომაბეზრებელ პროცედურად იქცა.
გაეცანით წვერის სწორად პარსვის რამდენიმე ნიუანსს.
მზადება.
გაპარსვის წინ საფუძვლიანად დაიბანეთ პირი ცხელი წყლით. ამგვარად უკეთ მოამზადებთ სახის კანს სამართებელთან კონტაქტისთვის, დაარბილებთ წვერს. შეგიძლიათ სპეციალური კრემებიც გამოიყენოთ. შემდეგ აიღეთ მომცრო პირსახოცი, დაასველეთ ცხელ წყალში, გაწურეთ, და მიიდეთ სახეზე ნახევარი წუთით.
მასალები და ინსტრუმენტები.
აირჩიეთ ისეთი საპარსი გელი, რომელიც არ შეიცავს საპონს. ქაფის ქვეშ ცუდად ჩანს სახის გასაპარსი ნაწილები. რაც ნაკლებად ქაფდება საპარსი საშუალება მით უკეთესი. დაისხით გელი ან ქაფი ხელისგულზე და თანაბრად გადაინაწილეთ ლოყებზე, ყელზე და ნიკაპზე წრიული მოძრაობებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნჯი და თავი მხატვრად იგრძნოთ.
სამართებელი საკუთარი გემოვნებით შეარჩიეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი პირი უნდა ცვალოთ რაც შეიძლება ხშირად. გაპარსვის წინ აუცილებლად დარწმუნდით, რომ სამართებლის პირი ბასრია. ბლაგვი სამართებლით პარსვა აუცილებლად გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და ჭრილობებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთჯერადი სამართებლების რესურსი 2-3 გაპარსვაა.
პროცესი.
პარსვა უნდა დაიწყოთ ლოყებიდან. მიიტანეთ სამართებელი ბაკებთან და ჩამოუყევით ქვედა ყბის ბოლომდე, ზემოდან ქვევით. დაიხსომეთ მთავარი წესი – წვერი უნდა გაიპარსოთ თმების ზრდის მიმართულებით. თავისუფალი ხელით პერიოდულად დაჭიმეთ სახის კანი. სამართებელს ძალიან ნუ დააწვებით. დამაჯერებელი და თანაბარი მოძრაობები სავსებით საკმარისია. ყელის პარსვისას სამართებელი უნდა ამოძრავოთ ყელის ძირიდან ქვედა ყბის ბოლოსკენ, ქვევიდან ზევით. ჩაბრუნებულ თმებთან სამართლებლით ჭიდილი გაუმართლებელია. თუკი სამართებლის ორჯერ გადასმის შემდეგ თმა არ დაგემორჩილათ, ამოიღეთ სტერილური პინცეტით.
სამართებლის ყოველი მეორე გადასმის შემდეგ მისი პირი უნდა გარეცხოთ წყლის ჭავლის ქვეშ. თუკი არ გაქვთ უხეში თმები, ამ მიზნისთვის შეგიძლიათ ცივი წყალი გამოიყენოთ – პარსვის პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება. მაგრამ თუკი განგებამ უხეში წვერით დაგაჯილდოვათ, სამართებლის პირი აუცილებლად ცხელი წყლით უნდა გარეცხოთ.
ნიკაპი და ულვაში შედარებით რთული ადგილებია, ამიტომაც ისინი გაიპარსეთ ბოლოს, რათა საპარსმა საშუალებამ მაქსიმალურად დაარბილოს კანი და თმა. ტუჩები მიიბჯინეთ კბილებზე. თუ დაგჭირდათ კანის გამოსაბურცად დაიხმარეთ ენა. სამართებლის დახრის კუთხე გაზარდეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ პირი. სახეზე ხელის გადასმით იპოვეთ ცუდად გაპარსული ადგილები. მათ გასაპარსად არაა აუციელებელი საპარსი საშუალების ხელახლა წასმა. გაავლეთ სამართებელი ცხელ წყალში და გადაისვით ცუდად გაპასრულ ადგილებზე.
რთულად გასაპარსი ადგილების გასაპარსად მოიხმეთ იმპროვიზაცია. ცხვირის მიდამოებში, ასევე ყელისა და ლოყების გამყოფი მონაკვეთის პარსვისას შეგიძლიათ არ გაჰყვეთ თმების მიმართულებას. სცადეთ სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ დაიცავით მეტი სიფრთხილე.
გაპარსვის შემდეგ.
დაიბანეთ პირი გრილი წყლით. ძალიან ცივი წყლით დაბანა არაა სასურველი. ფორები ჩაიკეტება და ლოსიონი ვერ მოახერხებს მიკროჭრილობებამდე შეღწევას. გაპარსვის შემდეგ არ გამოიყენოთ ოდეკოლონი. იგი არ შეიცავს დამარბილებელ ზეთებს და იმავდროულად შეიცავს დიდი ოდენობით სპირტს. გამორჩეული ყურადღება მიაქციეთ ყელს. ჩამოიბენეთ კოსმეტიკური საპნით და არ დაიშუროთ კრემი და კანის მოვლის საშუალება.
ნუ მიუდგებით პარსვის პროცესს, როგორც მექანიკურ „სამუშაოს“, ან გარდაუვალ ჩვევას. წვერის გაპარსვა საკუთარი სხეულისადმი პატივისცემის გამოხატულებაა. თუკი ყველაფერს სწორად გააკეთებთ და სათანადოდ განეწყობით სიამოვნებასაც მიიღებთ.
სასარგებლო რჩევები.
- გაპარსვისთვის საუკეთესო დრო არის დილა. გაღვიძებიდან 10-15 წუთის შემდეგ გამოიღვიძებს სახის კანიც და შეუდექით . . .
- ნუ გაიპარსავთ ყოველ დილით. რაც უფრო ხშირად იპარსავთ, მით უფრო სწრაფად და უხეში წვერი გეზრდებათ.
- გაპარსვის შემდეგ ნუ გაიმშრალებთ პირს პირსახოცით. სახეზე მიდებაც საკმარისია.











